რეკომენდაციების სახით გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომლებიც პროექტის პლატფორმაზე განთავსებისას დაგეხმარებათ თქვენი პროექტის ხარისხიანი და სრულყოფილი გვერდის შექმნაში. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, გაიზრდება თქვენი პროექტის წარმატების შანსი. გაითვალისწინეთ, რომ Invest Me-ზე განთავსებულ ყოველ პროექტს უნდა ერთოდეს:
გაეცანით ქვემოთ მოცემულ თითოეულ პუნქტს, რაც დაგეხმარებათ წარმატებული კამპანიის შექმნაში
პროექტის პლატფორმაზე განტავსებისას, აუცილებელია თქვენი პროექტის იდეა იყოს ეფექტურად აღწერილი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პროექტის შესახებ ესაუბრებით თქვენს მეგობრებს. რას მოუყვებოდით მათ? რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ თქვენი იდეების მოსმენისას? როგორ შეძლებდით მათთვის პროექტის მომგებიანობის დასაბუთებას? თქვენი პროექტის პერსონალური გვერდი შესაძლებლობას გაძლევთ ყველას გააცნოთ ვინ ხართ, რის გაკეთება გსურთ და რატომ.
შეეცადეთ ამომწურავად ისაუბროთ პროექტის ძირითად ღირებულებებზე და მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ კითხვებზე:
მცირე პერსონალურ ინფორმაციასთან ერთად, გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ, გაგვაცანით თქვენი გუნდის წევრები. თუ მანამდეც გიმუშავიათ მსგავსი სახის პროექტებზე, მაგალითისათვის გაგვიზიარეთ რამდენიმე მათგანი. ვიზუალური ეფექტისთვის მოახდინეთ თქვენი იდეის პროტოტიპირება, რაც დაგეხმარებათ ინვესტორის დაინტერესებაში. ამ გზით ყოველი დაინტერესებული პირისთვის გახდება ცნობილი, თუ რა სახის პროდუქტზეა საუბარი და რა სარგებელი (პროდუქტი) შეიძლება მიიღონ თქვენი პროექტის დაფინანსების შემთხვევაში.
მოგვიყევით თავდაპირველად როდის და როგორ დაგებადათ პროექტის განხორციელების სურვილი. გაგვაცანით თქვენი ყველა აქტივობა იდეის შექმნიდან დღემდე.
ასახეთ დროში კარგად გაწერილი და ნათელი გეგმები კონკრეტული თარიღების მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ინვესტორებისთვის, რამდენადაც მათ ზუსტად ეცოდინებათ დროის რომელ მონაკვეთში რა სახის სარგებელს უნდა მოელოდნენ თქვენი პროექტიდან.
წარმოადგინეთ კარგად გათვლილი, მიზნებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია პროექტისადმი ნდობის მოსაპოვებლად. იმ შემთხვევაში თუ თქვენ აწარმოებთ მასიურ პროდუქტს, მაგალითად რაიმე ტექნიკას, არ იჩქაროთ მანამ სანამ არ შექმნით პროდუქტის მყარ პროტოტიპს და კარგად არ გამოიკვლევთ წარმოების ყველა ფაქტორს დანახარჯების გათვალისწინებით.
შეეცადეთ საინტერესო ფორმით ყველას გაუზიაროთ თუ რა ფაქტორებმა განაპირობეს თქვენი ან/და თქვენი მეგობრების დაინტერესება .
თქვენი პროექტის იდეის გადმოცემის ყველაზე მარტივი გზა ტექსტური აღწერაა. მაგრამ, გაითვალისწინეთ, თქვენი გვერდის ვიზიტორთა დასაინტერესებლად აუცილებელია ტექსტს თან ერთოდეს ხარისხიანი ფოტო და ვიდეო მასალები, რაც ბევრად ეფექტურად გადმოსცემს პროექტის ღირებულებებს.
ეს სწორედ ისაა, რაზეც თავდაპირველად მოხდება ვიზიტორთა ყურადღების გამახვილება. კარგად შერჩეული ფოტოს მეშვეობით ყველა თქვენი შეთავაზება გაცილებით შესამჩნევი, ზუსტი და შედეგიანი აღმოჩნდება.
ეს საუკეთესო გზაა საკუთარი თავის წარსადგენად.მისი მეშვეობით ყველასთვის მარტივად გახდება ცნობილი ვინ ხართ და რას ქმნით. არ არის აუცილებელი ვიდეო იყოს პროფესიონალურ დონეზე ჩაწერილი.სრულიად საკმარისი იქნება თუნდაც მობილური ტელეფონით გადაღებული მასალა.
პლათფორმაზე პროექტის განთავსება არ გულისხმობს ავტომატურად დაფინანსების მოპოვებას და საკმაოდ მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებს პროექტის ავტორთა მხრიდან მის საბოლოო წარმატებამდე. მრავალი წარმატებული პროექტის მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობენ პროექტები, რომლებსაც აქვთ:
თქვენი პროექტი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ კრეატიულ იდეას, რისი განხორციელებაც გსურთ თანამოაზრეებთან ერთად. მაგალითისათვის, იდეა შესაძლოა იყოს ტექნოლოგიური პროდუქტის ან აქსესუარის შექმნა, ფილმის გადაღება, მოდა, წიგნის გამოცემა ან თუნდაც CD ალბომის ჩაწერა, მობილური აპლიკაციის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ ნივთის შექმნა, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს თქვენი პროექტით დაინტერესებულ მომხმარებელს.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ რამდენად ღირებულია თქვენი იდეა სახალხო დაფინანსების მოსაპოვებლად, გთავაზობთ შემდეგი სახის ფორმულირებას:
იდეები, რომლებიც აღნიშნული სისტემით შეფასებისას აგროვებენ 4 ან მეტ ქულას, საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ დაფინანსების მოპოვების მხრივ. 3 ან/და უფრო ნაკლები ქულის შემთხვევაში იდეის წარმატების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მცირდება.
აქვე უნდა აღინიშნოს თანხის გაცემის სამომხმარებლო ქცევის კონცეპტუალური საფუძვლების კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა რესპოდენტებმა. მათი აზრით, იმისათვის, რომ იდეაში ფული გადაიხადონ ის უნდა იყოს რეალისტური, სასარგებლო, ინტერესის, ერთგვარი აზარტის მაპროვოცირებელი, მაგრამ არა ზედმეტად აბსტრაქტული ან ზედმეტად ორიგინალური.
სამიზნე სეგმენტის განსაზღვრისთვის კარგი შესაძლებლობაა შეადგინოთ კითხვარი docs.google.com/forms-ზე და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში. კითხვარში ჩართეთ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელთა მოგვარებასაც გეგმავთ თქვენი პროექტის ფარგლებში. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაუდებელი ინფორმაცია თქვენი სამიზნე სეგმენტის შესახებ და რაც მთავარია, მოიპოვებთ მათ Email მისამართებსაც.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეაფასეთ თქვენი სამიზნე სეგმენტის პრობლემები. მოახდინეთ მათი დიფერენცირება ასაკის, გენდერისა და ინტერესების მიხედვით.
რატომ უნდა დააფინანსონ თქვენი პროექტის იდეა? თუ თქვენი იდეის განხორციელებისთვის გარკვეულ ინვესტიციას განახორციელებენ, უპირველეს ყოვლისა ეს თქვენი დახმარებისთვის გამოვლენილი კეთილი ნებაა. მაგრამ, მხარდამჭერები თქვენგანაც ასევე მოელიან რაიმეს მიღებას - ჯილდოს, თქვენი პროექტის შედეგად შექმნილი საბოლოო პროდუქტის ან მომსახურების სახით.
ჯილდო შეიძლება იყოს მცირედიც. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ საავტორო წიგნის გამოცემა, ამ შემთხვევაში ჯილდოს სახით თქვენ შეიძლება შეთავაზოთ თქვენი წიგნი თქვენივე ხელმოწერით. მსგავსი შეთავაზებები სრულიად დამოკიდებულია თქვენს კრეატივზე.
ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა შეიძლება სურდეთ თქვენს მომავალ პარტნიორებს. შეთავაზეთ თუნდაც სხვადასხვა ლიმიტირებული ფორმატის პროდუქტებზე წვდომის უფლება.
დაუშვებელია გარიგების სახით ინვესტორისათვის ფინანსური უკუგების შეთავაზება.
იყავით სამართლიანი. როდესაც კონკრეტული ადამიანები გადაწყვეტენ თქვენს მხარდაჭერას, ისინი ყოველთვის დაფიქრდებიან, შეესაბამება თუ არა თქვენი ფასები და ჯილდოები მათ კონტრიბუციას.
შესაძლოა ვინმეს სურდეს თქვენი მხარდაჭერა 100 ლარით, ზოგი მოიაზრებდეს 20 ლარით დაფინანსებას, ზოგიც უბრალოდ მზად იყოს უპრობლემოდ განახორციელოს თქვენში 10 ლარის მცირე ინვესტიცია. განსაზღვრეთ და გაითვალისწინეთ თითოეული მათგანი.
ჩვენი პლათფორმა შესაძლებლობას გაძლევთ მოახდინოთ მხარდამჭერთა დაყოფა კატეგორიებად, მიანიჭოთ თქვენთვის სასურველი დასახელება, მკაფიოდ განსაზღვროთ კონკრეტულად რომელ კატეგორიას რა სახის ჯილდოს სთავაზობთ ზუსტი რაოდენობების მითითებით. ასევე, შესაძლებელია შეზღუდოთ პროდუქტის ხელმისაწვდომი რაოდენობა გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებზე - თუ თქვენ აპირებთ ხელით მოქსოვოთ 20 ცალი შარფი, თქვენ ფიზიკურად ვერ მოახერხებთ 2000 მომხმარებლის დაკმაყოფილებას. მსგავსი რაოდენობრივი ლიმიტები ასევე ხაზს უსვამს თქვენი ჯილდოს უნიკალურობას.
ეს არის თქვენი გათვლები, თუ როდის ვარაუდობთ ჯილდოს მიწოდებას მხარდამჭერებისთვის. თითოეული კატეგორიისთვის შეარჩიეთ შესაბამისი პერიოდები. უმჯობესია აღნიშნული ვადები იყოს შედარებით ხანგრძლივი, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და თავისუფლად შეძლოთ დაპირებების შესრულება.
ჯილდოების შემუშავებისას თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ და იფიქროთ რომელი მათგანი მოითხოვს მხარდამჭერამდე ტრანსპორტირებას, რამდენად იქნება შესაძლებელი კონკრეტულ ლოკალიზაციამდე მათი მიწოდება. განსაზღვრეთ მიწოდების დანახარჯებიც. (შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ საქართველოს ფოსტის მომსახურების პირობებით შემდეგ ბმულზე)
არ არის აუცილებელი შექმნათ ერთიდაიგივე ჯილდოს განსხვავებული ვარიანტი. პროექტის დაფინანსების შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ თქვენს მხარდამჭერებს და მიიღოთ მათგან ინდივიდუალური ინფორმაცია მათი საფოსტო მისამართის, ზომის, უპირატესი ფერების შესახებ და სხვა, რაც დაგეხმარებათ მაქსიმალურად დააკმაყოფილოთ მათი მოლოდინები.
დაიმახსოვრეთ: პროექტის მხოლოდ აქტიური სტატუსის დროს გაქვთ შესაძლებლობა დაამატოთ ახალი ჯილდოები. მაგრამ, როდესაც პროექტი სრულად დაფინანსდება, ვეღარ შეიტანთ პროექტში მსგავსი სახის ცვლილებებს.
პლათფორმა დაფუძნებულია პრინციპზე "ყველაფერი ან არაფერი". თუ პროექტის კამპანიის დასრულებისას პროექტის ანგარიშზე არ იქნება წინასწარ განსაზღვრული სამიზნე დაფინანსება, თქვენ ვერ გამოიყენებთ მას. ეს მოდელი უპირველეს ყოვლისა შემუშავებულია თქვენი, როგორც პროექტის ავტორის და თქვენივე მხარდამჭერთა რისკების შესამცირებლად. წარმოიდგინეთ, თუ აღმოჩნდება, რომ კამპანიის დასრულებისას შეძელით 5000 ლარის მოგროვება, მაგრამ თქვენი მხარდამჭერები თქვენგან მოელოდნენ 50 000 ლარის ღირებულების ფილმის გადაღებას, როგორ მოახერხებდით მსგავსი დანახარჯებისთვის თავის გართმევას? აღნიშნული პრინციპი ასევე ამყარებს მხარდამჭერთა ნდობას და თავდაჯერებულობას პროექტის დაფინანსების მომენტში გადაწყვეტილების მიღებისას. თქვენი სამიზნე დაფინანსების მოცულობა უნდა შეამციროთ იმ მინიმუმამდე, რაც აუცილებელია და უზრუნველყოფს ყველა დაპირების შესრულებას. ამისათვის მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ბიუჯეტის შედგენის პროცესს:
ჩაიწერეთ ყველა შესაძლო დანახარჯი - თუნდაც მაგალითად ისეთი უმნიშვნელო დეტალებისთვის, როგორებიცაა შესაფუთი მასალა საფოსტო გზავნილისთვის. უფრო დიდი დანახარჯებისას მოიკვლიეთ საუკეთესო ფასები ბაზარზე არსებული შემოთავაზებებიდან. არაფერია საგანგაშო, თუ მოკვლევის შემდეგ თქვენი საერთო მოსალოდნელი დანახარჯები იმაზე მეტია ვიდრე ვარაუდობდით. ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ უფრო მეტი პასუხისმგებლობით განახორციელოთ თითოეული აქტივობა.
თუ თქვენი პროექტი წარმატებით დაფინანსდება, InvestMe გაწეული დახმარებისთვის დაფინანსების საერთო მოცულობიდან მიიღებს 5% მომსახურების საკომისიოს. ასევე გასათვალისწინებელია ჩარიცხვებზე პასუხისმგებელი ფინანსური შუამავლის მოსაკრებელიც, რომელიც 2% შეადგენს.
თქვენი დაფინანსების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ერთიდან 90 დღემდე. თუმცა, სტატისტიკურად, ყველაზე დიდ წარმატებას აღწევენ ის პროექტები, რომლებსაც აღნიშნული პერიოდი გათვლილი აქვთ 30 დღემდე.
როდესაც თქვენ თქვენი გათვლებით შეადგინეთ ბიუჯეტი 100 ერთეული პროდუქტის წარმოებაზე, პროექტის წარმატებისათვის დიდი რისკის შემცველი იქნებოდა 10,000_მდე მხარდამჭერთა მოულოდნელად სწრაფი ზრდა, რომლებიც თქვენგან მოელიან ჯილდოების მიღებას. როდესაც ატყობთ, რომ ამოწურეთ თქვენი ლიმიტი, ყოველთვის შეგიძლიათ შეზღუდოთ თქვენი ჯილდოს ოდენობები.